ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
არქივი

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების იდეა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში 2016 წელს გაჩნდა.

 2017 წლის 20-23 ნოემბერს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპო-ზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (თავმჯდომარე – ნინო პოპიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი). სიმპოზიუმში მონაწილეობდა 150-მდე დოქტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის, კემბრიჯის, პარიზის, პრაღის, ლისაბონის, ტარტუს, თეირანისა და სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან. ახალგაზრდა მეცნიერთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი მიეძღვნა თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორიას, აქტუალურ საკითხებსა და თანამედროვე გამოწვევებს. 

 2018 წლის 14-17 ნოემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეორედ უმასპინძლა ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევრებს. ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი  მიეძღვნა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს (თავმჯდომარე ­– თეა ქამუშაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ანთროპოლოგიის დოქტორი). სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავეს დარგობრივმა და თემატურმა სექციებმა, მოეწყო მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. მსგავსად პირველი სიმპოზიუმისა, 2018 წელიც გამოირჩეოდა მონაწილეთა დიდი რაოდენობით; კერძოდ, სიმპოზიუმზე მოხსენებით წარსდგნენ როგორც თსუ დოქტორანტები, ისე ახალგაზრდა მეცნიერები დედაქალაქის სხვა უნივერსიტეტებიდან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტი და სხვ.) და რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთიდან (გერმანიის, ესტონეთის, იტალიის და სხვა უნივერსიტეტებიდან).

 2019 წლის 27-30 ნოემბერს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა ახალგაზრდა მეცნიერთა რიგით III  საერთაშორისო  სიმპოზიუმს, რომელიც გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; სიმპოზიუმის კოორდინატორი - ივანე მჭედელაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ცენტრის სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი). სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულება იყო აღმოსავლეთმცდონეობის სწავლებისა და კვლევის ასწლოვანი ისტორია საქართველოში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენ-ციები მსოფლიოში.

     ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება 2020 წლის 26-28 ნოემბერს. სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულება იყო არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიანი ისტორია თსუ-ში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში. არქეოლოგია თსუ-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, ყოველწლიურად იზრდება დაინტერესება უცხოელთა მხრიდან, რაც, ცხადია, გზას უხსნის საერთაშორისო პროექტებსა და თანამშრომლობას. თსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების აქტიური სამეცნიერო ჩართულობის ფონზე, უფრო და უფრო იხვეწება კვლევის თანამედროვე მეთოდები არქეოლოგიაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თსუ-ს მიერ განხორციელებული აღმოჩენები მეტად მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო სამეცნიერო წრისთვის.  აქედან გამომდინარე, სიმპოზიუმის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა არქეოლოგიის აქტუალური საკითხების კვლევა-წარმოჩენა და თანამედროვე მეთოდების გაზიარება დარგში არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.  

ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო სიმპოზიუმის  ძირითადი მიმართულებაა კულტურის კვლევები. ამ შედარებით ახალგაზრდა დარგს, რომელიც  სათავეს გასული საუკუნის შუა ხანებიდან იღებს, თსუ-ში უკვე რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. ისევე როგორც სხვა საუნივერსიტეტო სივრცეებში, მისი კვლევის მთავარ ობიექტად იქცა ქვეყნისა და რეგიონისთვის განსაკუთრებით აქტუალური პრობლემები. ინტერესიკულტურის კვლევების მიმართ ყოველწლიურად იზრდება; ვითარდება თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სასწავლო თუ კვლევით პროექტებსა და პროგრამებში. არაერთმა მათგანმა სწავლა გააგრძელა უცხოეთის უნივერსიტეტების სხვადასხვა პროგრამაზე, რის საშუალებასაც კულტურის კვლევათა ინტერდისციპლინური ხასიათი იძლევა. თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის  პროფესორებისა და სტუდენტების მუშაობის შედეგები სულ უფრო მეტად იქცევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღებას. აქედან გამომდინარე, წლევანდელი სიმპოზიუმის მიზანია კულტურის კვლევებში აკუმულირებული ცოდნის, აქტუალური პრობლემების ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან განხილვის შესაძლებლობათა წარმოჩენა, კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და თეორიული მიდგომების ურთიერთგაზიარება. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ხასიათის განსხვავებული ფორმატის შეხვედრები.