ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ძირითადი მომხსენებლები


 ნინო ჩიქოვანი

ნინო  ჩიქოვანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესების სფერო მოიცავს კულტურული იდენტობის, კოლექტიური მეხსიერებისა და მეხსიერების პოლიტიკის, კულტურული ტრავმის, ინტერკულტურული კომუნიკაციის  პრობლემებს. მისი მონაწილეობით ან ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევითი პროექტები ეხებოდა მრავალკულტურულ გარემოში იდენტობის ფორმირების, საქართველოში ებრაული იდენტობის ჩამოყალიბების, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ტრავმული და ტრიუმფალური გამოცდილების, ქართული საისტორიო მასტერ ნარატივისა და ისტორიის სწავლების პრინციპების ჩამოყალიბების საკითხებს, ესენია: საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე; ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები; მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სატრენინგო კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება; ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე; იდენტობის ნარატივები მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში: მრავლეთნიკური ქართველი ერის სათავეებთან; „იდენტობის ჩამოყალიბების მექანიზმები და მისი ვარიანტები: „უცხო" და „ავტოქტონი" სუბსაჰარულ, ჩრდილოაფრიკულ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონურ საზოგადოებებში; მითები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში.

დასახელებულ პრობლემატიკას ეძღვნება ნინო ჩიქოვანის ნაშრომები: საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე (თანაავტორი, თბილისი, 2022); მთაწმინდის პანთეონი: მეხსიერების ადგილი და იდენტობის სიმბოლო (Caucasus Survey, volume 9, No 3, November 2021; ახალი მეხსიერება - ახალი იდენტობა: აქტიური დავიწყება ახალი მეხსიერების ფორმირების პროცესში (საქართველო 1990-2000-იან წლებში) (Eastern Europe-Regional Studies, 2019, 1); საქართველო (თავი 18) (The Palgrave Handbook of Conflict and History Education in the Post-Cold-War Era. 2019); თბილისი როგორც კროსკულტურული ურთიერთქმედების ცენტრი (მე-19-20 საუკუნეების მიჯნა) (La Montagne des Langues et des Peuples. Imbrications et Transferts dans L’Espace du Caucase. Paris, 2019); ებრაული იდენტობა საქართველოში ევროპული კულტურულ-პოლიტიკური ტრადიციის შუქზე (მე-20 საუკუნის დასაწყისი) (Frankfurt Jewish Studies Bulletin, 42, 2018); საბჭოთა პერიოდი პოსტსაბჭოთა მეხსიერებაში: როგორ ყალიბდებოდა ახალი მეხსიერება საქართველოში (Time and Culture/Temps et Culture, Bucharest, 2017); იდენტობის ნარატივების ფორმირება საქართველოში მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე (Les Constructions Identitaires dans les Espaces Francophones D’Europe Orientale et D’afrique. Publications de l’Institut des Etudes Africaines, Rabat, 2016); ეთნიკური უმცირესობანი საქართველოს ისტორიაში: პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიის სახელმძღვანელოები (Exchange, Dialogue, New Divisions? Ethnic Groups and Political Cultures in Eastern Europe. Fribourg Studies in Social Anthropology, 45. Zürich, 2016.

 

 

 

ბალაშ ტრენშენი

ბალაშ ტრენშენი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის პროფესორია. მისი ინტერესის მთავარი სფეროა პოლიტიკური და კულტურული აზრის ისტორია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს შედარებითი და ტრანსნაციონალური პერსპექტივის დამკვიდრებას სამეცნიერო კვლევებში. მისი ინიციატივითა და მონაწილეობით განხორციელებული კვლევითი პროექტები ეხებოდა ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის შედარებითი ისტორიისა  და პოლიტიკური დისკურსების შესწავლას ფართო თეორიული ჩარჩოს ფარგლებში, ესენია: იდენტობის რეგიონული დისკურსები ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში (1775-1945); ჩვენ, ხალხი: ეროვნული თავისებურებებისა და პოლიტიკური მოდერნულობის ხედვა ევროპის მცირე ერებში; პატრიოტიზმის ინტელექტუალური ისტორია და მრავალკომპონენტიანი სახელმწიფოების მემკვიდრეობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ისტორიულობის რეჟიმი, მოდერნულობისა და იდენტობის დისკურსები ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში, 1900-1945; ევროპული რეგიონები და საზღვრები.

ბალაშ ტრენშენი თანაავტორია მონოგრაფიისა „ეროვნული ხასიათის“ პოლიტიკა: ომებს შორის პერიოდის აზროვნების კვლევა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში (Routledge, 2012); თანამედროვე პოლიტიკური აზრის კვლევა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში, ტ. 1-2 (Oxford University Press, 2016, 2018); იგი არის თანარედაქტორი 4 ტომეულისა კოლექტიური იდენტობის დისკურსები ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ტ. 1-4 (CEU Press, 2006-7, 2014); ევროპული რეგიონები და საზღვრები: კონცეპტუალური ისტორია (Berghahn, 2017); გულადი ახალი უნგრეთი: „ნაციონალური თანამშრომლობის სისტემის“ კვლევა (Rowman and Littlefield, 2019).

პროფესორ ტრენშენის სასწავლო კურსები ასახავს დასახელებული საერთაშორისო პროექტების შედეგებს. იგი ასწავლის კვლევის მეთოდოლოგიის საკითხებს უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს: ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიის შესავალ კურსებს, ისტორიოგრაფიულ დებატებს ეთნიკურობისა და სახელმწიფოებრიობის საკითხებზე წინამოდერნულ და მოდერნულ კონტექსტებში, ტრანსნაციონალური და გლობალური ისტორიის პრობლემებს, კომუნისტურ და მომდევნო პერიოდში რეგიონში აღმოცენებული ინტელექტუალური ისტორიის სხვადასხვა პარადიგმის ანალიზს.

 

  

სვეტლანა სუვეიკა

სვეტლანა სუვეიკა გოტინგენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ისტორიის პროფესორია, ხელმძღვანელობს სემინარს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესის სფეროა აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ისტორია XIX-XXI საუკუნეებში, აქცენტით რუმინეთზე, მოლდოვასა და უკრაინაზე; იმპერიის ისტორია (რუსეთის იმპერია); სასაზღვრო რეგიონების (ბესარაბია, დნესტრისპირეთი) ტრანსნაციონალური და ურთიერთგადაჯაჭვული ისტორია; ოკუპაციისა და ომის კვლევა (პირველი და მეორე მსოფლიო ომი); ძალადობის ისტორია (მეორე მსოფლიო ომი და ჰოლოკოსტი); მეხსიერების კულტურა და ისტორიის პოლიტიკა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში XX-XXI საუკუნეებში.

მისი მონაწილეობით განხორციელებულია კვლევითი პროექტები: ინსტიტუციები ექსტრემალურ მოვლენათა პერიოდში: ადგილობრივი ადმინისტრაცია ბესარაბიასა და დნესტრისპირეთში (1939-1945) (ფრიც ტისენის ფონდი, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS), რეგენსბურგი); პოსტ-იმპერიული სივრცის ამბივალენტური რეკონფიგურაცია: ბესარაბიის ტრანსნაციონალური მოწყობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ (ჰუმბოლდტის ფონდი, გეორგ ფორსტერის პროგრამა გამოცდილი მეცნიერებისთვის,  აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS), რეგენსბურგი).

პროფესორ სუვეიკას სამეცნიერო პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია: გერმანული საპარლამენტო გამოსვლები ომებს შორის პერიოდის რუმინეთში. წარმომადგენელთა საბჭოსა და სენატის ოქმებიდან (1919-1940), პოლ სეულენის, ნატალი სტეგმანის, სვეტლანა სუვეიკასა და ალბერტ ვებერის თანამშრომლობით, DigiOst Band 13, Institut für Ost- und Südosteuropaforschung Regensburg. Berlin: Frank &Timme, 2021; მეცნიერებას, პოლიტიკასა და პროპაგანდას შორის: ემანუელ დე მარტონი და კამათი ბესარაბიის სტატუსის თაობაზე (1919-1920), Cahiers du monde russe 58/4, Octobre-decembre 2017, გვ. 589-614; ჰეროიზაციიდან მსხვერპლად ყოფნის შეჯიბრებამდე. მეორე მსოფლიო ომის ისტორიის წერა მოლდოვაში. Comparative Southeast European Studies (ehem. Südosteuropa. Journal of Politics and Society), special issue „The Second World War in Historiography and Public Debate,“ Sabine Rutar ed., 65, Nr. 2, 2017, გვ. 388-412; ადგილობრივი აგენტები და ებრაელთა საკუთრების მითვისება  რუმინეთის აღმოსავლეთ სასაზღვრო ზოლში: საჯარო მოხელეები ჰოლოკოსტის დროს ბესარაბიაში  (1941-1944), The Holocaust in the Borderlands. Interethnic Relations and the Dynamics of Violence in Occupied Eastern Europe, Gaëlle Fischer / Caroline Metzger (Eds.). Göttingen: Wallstein Verlag, 2019, გვ. 133-156.